skip to content
ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეები საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტენ

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ფრაქცია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.

რუსეთ–საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, გამყრელიძის განცხადებით, უამრავი საკითხი დაგროვდა, რომლის გარშემო დიალოგის დაწყება აუცილებელია.


“ყველა ტრიბუნა, ყველანაირი საშუალება უნდა იქნას გამოყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავბრუნდეთ დარბაზში და აქტიური მსჯელობა დავიწყოთ“,  – აცხადებს გამყრელიძე.


“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვხნით საკითხს, რომლის გამოც ჩვენ გამოვაცხადეთ ბოიკოტი: ჩვენ კვლავაც ვითხოვთ და მოვითხოვთ [შინაგან საქმეთა მინისტრის] ვანო მერაბიშვილის გადაყენებას და სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯას“, – განაცხადა გამყრელიძემ.


7 თვის წინ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ერთიანად გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტას აპირებს ასევე ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი.

თუმცა ფრაქცია მრეწველების წარმომადგენლის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ისინი ჯერ–ჯერობით ბოიკოტს არ წყვეტენ და არც ოპოზიციონერი პარტნიორების შეუთანხმებელი მოქმედებები მოსწონთ.

23 ოქტომბერს დავით გამყრელიძემ ასევე გამოაცხადა, რომ ფრაქციის ახალი წევრი გახდა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, უპარტიო ლაშა ნარჩემაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძმაა.

ახალი წევრის მიღება ახალი მემარჯვენეებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო მას შემდეგ, რაც 10–კაციანი ფრაქცია თანაგუნდელებთან უთანხმოების შედეგად დატოვა კოკა გუნცაძემ. ფრაქციის არსებობისათვის სულ ცოტა 10 დეპუტატის გაერთიანებაა სავალდებულო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button