skip to content
ახალი ამბები

პუტინი ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს აკრიტიკებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთში 20 ოქტომბერს გამართული ევროკავშირი-რუსეთის სამიტის შემდეგ საქართველო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თბილისი სეპარატისტული კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებისთვის ემზადება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ დადებითი სიგნალია საქართველოს ხელმძღვანელობის წინადადება რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.


სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა მატი ვანჰანენმა (ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა) განაცხადა, რომ გარდა ენერგეტიკის საკითხებისა ევროკავშირის ლიდერებსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული ურთიერთობებიც ფართოდ იქნა განხილული“.


“ევროკავშირმა გამოხატა შეშფოთება დაძაბულობის ესკალაციის გამო“, – განაცხადა მატი ვანჰანენმა პუტინთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


მას შემდეგ, რაც პუტინმა პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს შესახებ არაფერი თქვა, მას ორი კითხვა დაუსვეს ამ თემაზე.


პუტინმა ერთ-ერთ მათგანზე პასუხის დროს განაცხადა: “ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვაზე“.


“ჩემმა კოლეგებმა მთხოვეს კომენტარი გამეკეთებინა რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ჩემი პასუხი მათთვის და მედიისთვის არის ძალიან მარტივი: რომ პრობლემა არ დევს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. პრობლემა არსებობს საქართველოს და აფხაზეთს და საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის“, – განაცხადა პუტინმა.


მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები “ნორმალური“ გახდება, როგორც კი თბილისი გააუმჯობესებებს ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან.


“და რაც ყველაზე დასანანი და შემაშფოთებელია, იმ გზას, რომლითაც სიტუაცია ვითარდება კატასტროფამდე და სისხლისღვრამდე მივყავართ, რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო გზით აპირებს და ისინი ამას არც მალავენ“, – დასძინა მან.


პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზებიც და ოსებიც “მცირე ერები არიან კავკასიაში“.


“[თვითგამოცხადებულ სამხრეთ] ოსეთში მოსახლეობა მხოლოდ 70 000-ს შეადგენს, საიდანაც 40 000 დევნილია. აფხაზეთში, მოსახლეობა მხოლოდ 150 000 შეადგენს და ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე საქართველო. სწორედ, ეს არის ტრაგედია, სწორედ ეს არის უბედურება; სწორედ ამის უნდა გეშინოდეთ და თავიდან უნდა აიცილოთ სისხლისღვრა ამ რეგიონში“, – განაცხადა მან.


პუტინმა კიდევ ერთხელ ახსენა სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებები, რომ ისინი საქართველოს მიერ გასული საუკუნის 20-იანი და 80-იანი წლებში განხორციელებული “ეთნიკური წმენდის” მსხვერპლნი არიან.


მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტებში ჩართული მხარეები არიან პასუხისმგებელი, რომ მოაგვარონ დავა და “რუსეთი ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებს“.


კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ის პრეზიდენტ სააკაშვილის ორმხრივი დიალოგის ინიციატივას, პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვი “კმაყოფილია იმ სიგნალებით, რომელიც ადასტურებს თბილისის მზადყოფნას გააუმჯობესოს ურთიერთობები“.


“ინიციატივა ურთიერთობების გაუარესების თაობაზე რუსეთიდან არ წამოსულა. ჩემი აზრით, ეს გაკეთდა, რათა შექმნილიყო ხელსაყრელი პოლიტიკური და საინფორმაციო ფონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ძალისმიერი გზით შესაძლო მოგვარებისთვის“, – დასძინა მან.


თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პუტინის განცხადებებს დაუყოვნებლივ უპასუხეს.


“რუსეთის პრეზიდენტმა დეზინფორმაცია მიაწოდა ევროპელ კოლეგებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა. 


მისი თქმით, თბილისი მშვიდობიან მოგვარებას განიხილავს, როგორც სეპარატისტული კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთ გზას.


ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იქნა განხილული ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე, რაც თავისთავად უზარმაზარი წარმატებაა.


ამასობაში, ბრიტანული გაზეთი Guardian იტყობინება, რომ ენერგეტიკის საკითხებისაგან განსხვავებით, ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს ერთიანი პოზიცია დაეფიქსირებინათ პუტინთან საქართველოს საკითხზე საუბრისას.


“ენერგეტიკის საკითხების განხილვა კარგად წარიმართა, რადგანაც ევროპა ერთიან პოზიციაზე იდგა. როცა საქმე საქართველომდე მივიდა, შეხედულებები გაიყო. საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. პუტინი სარკაზმით გამოირჩეოდა“, – იტყობინება Guardian სამიტის ერთ-ერთ დამკვირვებელზე დაყრდნობით.
 

მსგავსი/Related

Back to top button