skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს მიესალმება, თუმცა არა ოპოზიციის სისუსტეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე “ფენომენალურ“ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა მან ასევე დასძინა, რომ არ ახარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის “კატასტროფული მარცხი“.


მისი თქმით, ეს იყო “ყველაზე კარგად ჩატარებული არჩევნები, რომელიც კი გამართულა საქართველოს და ასევე დსთ–ს ისტორიაში“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ “მოლოდინს გადააჭარბა“.


მისი თქმით, ქვეყნის არაკეთილისმსურველებს უნდოდათ უკარიანის სცენარის გათამაშება საქართველოში, მაგრამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს.


პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა ოპოზიციის სისუსტის გამო და კონსტრუქციული ურთიერთობებისაკენ მოუწოდა.


“სრულიადაც არ მახარებს ოპოზიციის კატასტროფული დამარცხება. ამაზე მეტი გაფარჩაკება არ არსებობს ბუნებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ოპოზიციის მიერ არჩევნებში განცდილი მარცხის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მათ არ ჰქონდათ “პოზიტიური პროგრამა“ და კამპანია ხელისუფლების ლანძღვაზე ააგეს.


“მათ აირჩიეს გზა, რომ არ ელაპარაკათ სიმართლე ამომრჩეველთან და ჩვენი ამომრჩეველი ამას კარგად ხედავს“, – განაცხადა მან.


“ჩვენ გვინდა, რომ უფრო ძლიერები იყოთ, რადგან ყველაზე ეფექტური და ქმედითი ხელისუფლებაც კი, თუ არ ჰყავს ორგანიზებული, კონსტრუქციული და სამართლიანად მაკრიტიკებელი ოპოზიცია, ვეღარ არის ეფექტური და ქმედითი. რა თქმა უნდა არ ვისურვებდით, რომ პირდაპირ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, რადგან ეს არაფერ კარგს არ მოიტანს, მაგრამ საჭიროა, რომ დაანახოთ ხალხს, რომ თქვენც რაღაც შეგიძლიათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ოპოზიციის მისამართით.


“მინდა ვუთხრა დღევანდელ ოპოზიციას გავაგრძელოთ დიალოგი, მოვუწოდებ, რომ დაბრუნდნენ პარლამენტში, უნდა ჩაებან კონსტრუქციულ დიალოგში, ოპონირება მოახდინონ კანონპროექტებზე, შემოიტანონ თავისი წინადადებები და ვისაც შეუძლია სოლიდური ოპონირება, ჩვენ რა თქმა უნდა მათ მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button