ახალი ამბები

სათათბირომ თბილისის ‘ანტირუსული პოლიტიკის’ წინააღმდეგ განცხადება მიიღო

4 ოქტომბერს რუსეთის სათათბირომ ხმათა უმრავლესობით მიიღო განცხადება “საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის“ შესახებ, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.


“შექმნილ სიტუაციაში რუსეთს უფლება აქვს განახორციელოს რიგი ზომები საკუთარი უსაფრთხოების, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის სანქციების შემოღებით საქართველოს წინააღმდეგ, პირველ რიგში ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის“, – ნათქვამია რუსეთის სათათბიროს განცხადებაში.


რუს დეპუტატებს საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის კონკრეტულ მაგალითად მოჰყავთ ოპოზიციის ბოლოდროინდელი დაპატიმრებები. ასევე მათი შეფასებით, რუსი ოფიცრების უსაფუძვლო დაკავებამ განაპირობა რუსულ–ქართული ურთიერთობების დაძაბვა.


“[საქართველოს ხელისუფლების] ამ ქმედებებს შეიძლება მიეცეს სახელმწიფო ტერორიზმის შეფასება“, – ნათქვამია განცხადებაში.


სათათბირო ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ანტირუსული პოლიტიკის გააქტიურება დაემთხვა აშშ–ს სენატში კანონპროექტის შეტანას, რომელიც საქართველოს ნატოში დაჩქარებულ მიღებას ითვალისწინებს.


“ცალკეული ამერიკელი სენატორების მსგავსი ქმედებები ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელი მაგალითია, რაც მოწმობს საქართველოში არსებული ანტირუსული და ანტიდემოკრატიული რეჟიმის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.


დეპუტატები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მყოფი რუსი სამხედროების, მათ შორის სამშვიდობოების, მიმართ ოფიციალური თბილისის მიერ განხორციელებული “შანტაჟისა და პროვოკაციების“ გამო. 


განცხადების პროექტის განხილვის ფარგლებში რუსმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს ჩანაწერზე, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შეწყვეტას ეხებოდა.


 

Back to top button