skip to content
ახალი ამბები

სარიშვილი გიორგაძის მომხრეებისადმი ბრალდებას “ცილისწამებას“ უწოდებს

7 სექტემბერს იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის და ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის იმედის თავმჯდომარე  ირინა სარიშვილი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ გიორგაძის მომხრეთა მიმართ წარდგენილი ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების თაობაზე, “ცილისწამებაა“. 


სარიშვილის განცხადებით, ადგილი არ ჰქონია 2006 წლის 4 მაისის შეკრებას პარტია სამართლიანობის ოფისში, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების საკითხები იხილებოდა.


“ამას ხელისუფლებისათვის მოულოდნელად დოკუმენტურად დაადასტურებს ის ფაქტიც, რომ 4 მაისს [ამაჟამად დაკავებული კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ] ჟორჟოლიანი გულის მძიმე შეტევით იმყოფებოდა საავადმყოფოში“, – აცხადებს ირინა სარიშვილი, რომელიც გიორგაძის 29 მომხრესაგან განსხვავებით, პოლიციამ 6 სექტემბერს არ დააკავა, თუმცა მის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.  


6 სექტემბერს შსს–ს პრესცენტრმა ტელევიზიებით გაავრცელა ვიოდეო მასალა, სადაც ზურგით მდგომი ორი მოწმე, რომელთა ვიონაობაც სასამართლო პროცესამდე გასაიდუმლოებული დარჩება, აცხადებს, რომ თემურ ჟორჟოლიანი ესწრებოდა საიდუმლო შეხვედრას, თუმცა მათ შეხვედრის თარიღი ამ ჩანაწერში არ დაუკონკრეტებიათ.


სარიშვილის განცხადებით, ეს მოწმეები, “რამდენადაც მათი ზურგიდან ამოცნობა შესაძლებელია, არ არიან არც პარტია სამართლიანობის, არც ანტი–სოროსისა და არც იმედის წევრები,  რომელთაც შეეძლოთ ასეთი განცხადების გაკეთება“.


გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ფული, მისი თქმით, 49 ათასი დოლარი, რომელიც გიორგაძის ნათესავს მაია თოფურიას აღმოუჩინეს ბინაში, ანტიკვარული ნივთის გაყიდვით მიღებული შემოსავალია.

“ასეც რომ არ იყოს, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება ამ თანხით, უბრალოდ სასაცილოა“, – დასძინა ირინა სარიშვილმა. 


მაია თოფურია, რომელიც პარტია სამართლიანობის წევრია, სამართალდამცავებს ასევე დაკავებული ჰყავთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button