skip to content
ახალი ამბები

სოხუმი მოლაპარაკებების ჩაშლაში თბილისს ადანაშაულებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ბოლო წუთს შეცვალა თავისი დელეგაციის შემადგენლობა, რაც გახდა მიზეზი აფხაზური მხარის უარისა 2 აგვისტოს სოხუმში დაგეგმილი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე.


“ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრების სია მხოლოდ დღეს [1 აგვისტოს] მოგვაწოდა და მხოლოდ ერთი პიროვნების – მერაბ ანთაძის [სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში] კანდიდატურა იყო წინასწარ შეთანხმებული. დელეგაციის დანარჩენი წევრები ჩვენთვის უცნობი არიან. ჩვენ სხდომის ვიწრო ფორმატში ჩატარება შევთავაზეთ მხოლოდ მერაბ ანთაძის და კონფლიქტების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას მონაწილობით, თუმცა ქართულმა მხარემ ეს წინადადება უარყო“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობის შეცვლა იყო ქართული მხარის წინასწარ განზრახული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა სოხუმის მიერ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმას.


შამბამ ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის დელეგაციის ოთხი ახალი წევრი აფხაზეთიდან დევნილია და აფხაზური მხარე შიშობს, რომ ისინი შესაძლოა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრები იყვნენ, რომელსაც სოხუმი “მარიონეტულ მთავრობას” უწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button