skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა სამხედრო პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დაგმო სამხედრო პოლიციისა და მისი ხელმძღვანელის ალექსანდრე სუხიტაშვილის გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების დროებით შეჩერების თაობაზე და ამ ქმედებას “უპასუხისმგებლო“ უწოდა. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიღო საყვედურები ამ ინციდენტის გამო თავისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.


“ჩვენ მივიღეთ განცხადებები ჩვენი საერთაშორისო [პარტნიორების] და ასევე შსკ–ს მხრიდან. 15 ივლისს [რუს] დიპლომატებთან დაკავშირებული ინციდენტი აუცილებლად გახდება განხილვის საგანი, რადგან ვენის კონვენციით დიპლომატიურ მისიებს და მათ მანქანებს უსაფრთხოების სრული გარანტია უნდა ჰქონდეთ და ეს იყო მართლაც სერიოზული ინციდენტი“, – განუცხადა 16 ივლისს ხაინდრავამ “იმედს“.


საქართველოს სამხედრო პოლიციამ 15 ივლისს იარაღის მუქარით გააჩერა რუსეთის საელჩოს მანქანა და გაჩხრიკა მგზავრები – შსკ-ში რუსეთის მხარის წარმომადგენელი იური პოპოვი და რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე ვალერი ევნევიჩი, ასევე თბილისში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. ინციდენტი გორთან მაშინ მოხდა, როცა რუსი ოფიციალური პირები ცხინვალიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ანალოგიურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ასევე 14 ივლისსაც.


ამავდროულად, სახელმწიფო მინისტრმა უარყო რუსული მხარის ბრალდებები, თითქოს თბილისი მზად არის ძალა გამოიყენოს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. 


“ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი და სტრატეგიული გზა არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button