skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მინისტერიალმა საქართველოს შესახებ განცხადება მიიღო

6 დეკემბერს ლუბლიანაში გამართულმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომამ ერთხმად მიიღო განცხადება საქართველოს შესახებ, რომელშიც ეუთოს 55 წევრი სახელმწიფო ადასტურებს “მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. 


განცხადება მიესალმება საქართველოს სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ხაზს უსვამს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ეფექტურობის ზრდის საჭიროებას შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.


“ჩვენ მივესალმებით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით და გვჯერა, რომ ბოლოდროინდელი წინადადებები, კერძოდ სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სხდომაზე [2004 წლის სექტემბერში] წარდგენილ ინიციატივებს ეყრდნობა და რომელსაც მხარეები უჭერენ მხარს, გახდება საფუძველი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.


“ჩვენ ხაზს ვუსვამთ მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების, მათ შორის შერეული საკონტროლო კომისიის ეფექტურობის ზრდის საჭიროებას და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების სრულ განხორციელებას“.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში “სამშვიდობო პროცესის პოზიტიური დინამიკა დაირღვა ძალისმიერი ქმედებების გამო“. 


დოკუმენტი ასევე უსვამს ხაზს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრის საჭიროებას.


განცხადება მოუწოდებს მხარეებს შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები სამხრეთ ოსეთში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, კერძოდ, მიიღონ ზომები “კონფლიქტის ზონის სასწრაფო და სრული დემილიტარიცაზიის მიზნით“.


განცხადება მიესალმება საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2005 წლის 30 მაისს მიღწეულ შეთანხმებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე.


“ჩვენ გვსურს ვიხილოთ შემდგომი პროგრესი როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, ისე გუდაუთაში [აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა] საერთაშორისო მისიის დაშვების მხრივ“, – ნათქვამია განცხადებაში. თბილისს მიაჩნია, რომ რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო ბაზა გუდაუთაში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button