skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი ოპოზიციის ახალ კავშირზე საუბრობს

“რესპუბლიკელების“ და “კონსერვატორების“ თანამშრომლობა, რაც ახალი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაში აისახება, არის ქვეყანაში მნიშვნელოვანი ალტერნატიული ოპოზიციული ძალის შექმნის მცდელობა, განაცხადა დეპუტატმა “რესპუბლიკური პარტიიდან” დავით ბერძენიშვილმა 17 ოქტომბერს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


“რესპუბლიკელები და კონსერვატორები რევოლუციური წარმომავლობის დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვართ… რაკი რევოლუციური ხელისუფლება არ ვარგა, ხალხისთვის ორიენტირი რევოლუციური ოპოზიცია უნდა იყოს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


“რესპუბლიკური“ და “კონსერვატორული“ პარტიები პრეზიდენტ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირეები იყვნენ, რომელთაც პარლამენტში ადგილები 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოიპოვეს.


პარლამენტარებმა “რესპუბლიკური“ და “კონსერვატორული“ პარტიებიდან გასულ კვირას განაცხადეს, რომ ისინი პარლამენტში ფრაქციის შექმნას გეგმავენ, რომელშიც 8 დეპუტატი შევა “კონსერვატორებიდან“ და 6 “რესპუბლიკელებიდან“. ახალ ფრაქციას, სავარაუდოდ, რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატიც შეუერთდება.


“ეს ორი პარტია თავის დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის [2006 წელს] მაღალი ალბათობით, ალბათ, ერთ ბლოკად გაერთიანდება და ეს საქართველოსთვის დემოკრატიული ალტერნატივა იქნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ პარტიად ვაპირებთ გაერთიანებას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა. 


მან ასევე არ გამორიცხა თანამშრომლობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. “ეს იქნება მხოლოდ რესპუბლიკელები და კონსერვატორები თუ მთელი ოპოზიციური გაერთიანება ლეიბორისტების ჩათვლით, ამას დრო გვიჩვენებს. ხელისუფლებამ ისეთი კანონი მიიღო [საკრებულოს არჩევის წესი], რომ ოპოზიციას მჭიდრო თანამშრომლობისკენ აიძულებს. ბუნებრივია, ოპოზიცია პირველ ადგილზე გასასვლელად მოემზადება. რეალურად დღეს საქართველოში ოთხი გამოკვეთილი ოპოზიციური ძალაა. სამი პარლამენტში [ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები და რესპუბლიკელები] და მეოთხე – ლეიბორისტული“, – დასძინა ბერძენიშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button