ახალი ამბები

რამიშვილი: გამოძიებას არ გააჩნია სამხილი ჩემს წინააღმდეგ

ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა დღეს საოლქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ არ არსებობს სამხილი მის წინააღმდეგ.


მისი თქმით, შსს–ს მიერ გავრცელებულ ფირზე ფულის სახით ფალსიფიცირებული ნივთმტკიცებაა აღბეჭდილი. ამის შესახებ მან 1 სექტემბერს გავრცელებულ წერილშიც დაწერა.


“[სასამართლო, საზოგადოება] თქვენ  უნდა აირჩიოთ ან გარეწარი ბექაურის ან ჩემი სიტყვა“,  განაცხადა აღელვებულმა შალვა რამიშვილმა სასამართლო პროცესზე.


მისი თქმით, დეტალებზე იგი მხოლოდ საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.


დღესვე რამიშვილმა 27 აგვისტოს მასთან ერთად დაკავებული ტელეკომპანია “202“-ის გენერალური დირექტორის დავით კოხრეიძის გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც “სრულიად უდანაშაულოა“.


შალვა რამიშვილის თქმით, დავით კოხრეიძე ინფორმირებული არ იყო თუ რას ისახავდა მიზნად კობა ბექაურთან მისი შეხვედრა. “იგი უბრალოდ წამომყვა მე ამ შეხვედრაზე“, დასძინა რამიშვილმა.


27 აგვისტოს შალვა რამიშვილი სამართალდამცავებმა კობა ბექაურისგან ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას და დავით კოხრეიძეს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


საოლქო სასამართლო შალვა რამიშვილის და დავით კოხრეიძის ადვოკატის სააპელაციო სარჩელს განიხილავს სამთვიანი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და დღესვე გამოიტანს განაჩენს.  

Back to top button