ახალი ამბები

პარტიები შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

მაშინ როცა ოთხი ოპოზიციური პარტია 1 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის წარსადგენად პრაიმერის ჩატარებისთვის ემზადება, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და აცხადებს, რომ ეს არჩევნები მისი ხელისუფლებისთვის ტესტი იქნება.
 
შუალედური არჩევნები პარლამენტში ხუთი მაჟორიტარული ადგილის შესავსებად  იმართება. ეს ხუთი ადგილი ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც აბსოლიტურ უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენენ. ეს არჩევნები არსებული საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი უფრო იქნება. 
 
“არჩევნები გვიჩვენებს, უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს… ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 17 აგვისტოს.
 
ეს განცხადება სააკაშვილმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. აჭარაში ვიზიტი სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავს ბათუმის, ქობულეთისა და შუახევის მაჟორიტარულ ოლქებში “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერას.
 
აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში გამარჯვებას ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არჩევნები აჭარის რევოლუციიდან 17 თვის თავზე ტარდება.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე გააკეთა ანალოგიური განცხადება 11 აგვისტოს, როცა თბილისის ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, რათა “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის ბიძინა ბრეგაძისთვის დაეჭირა მხარი.
 
“ჩვენთვის ეს არჩევნები მთელი მსოფლიოს თვალში ერთგვარი ტესტი იქნება – აქვს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს მხარდაჭერა ქვეყანაში”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 11 აგვისტოს. 
 
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატები 10 აგვისტოს დაასახელა. ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი იყრის კენჭს, ქობულეთში – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდიანციო სამსახურის უფროსი კობა ხაბაზი;  შუახევში – პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი ელგუჯა მაკარიძე; ტყიბულში – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პავლე კუბლაშვილი. ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბიძინა ბრეგაძე იყრის.
 
პარალელურად, ოთხი ოპოზიციური პარტია – “ახალი მემარჯვენეები“, “კონსერვატორები“, ლეიბორისტული პარტია და პარტია “თავისუფლება“ – ერთიანი კანდიდატის შერჩევის მიზნით 17 სექტემბერს ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში წინასწარ არჩევნებს, ე.წ. პრაიმერის, ჩაატარებენ. ამ პარტიებმა უკვე შექმნეს საკუთარი საარჩევნო კომისია, რომელიც პრაიმერს ორგანიზებას გაუწევს.
 
დამკვირვებელთა თქმით, თუნდაც ერთ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებაც კი ოპოზიციური პარტიების წარმატებად უნდა იქნას მიჩნეული. ერთ-ერთი უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, ამ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად 15%-ზე ნაკლების მოპოვება შეძლო “ნაციონალური მოძრაობის“ 34,7%-ის წინააღმდეგ. თუმცა, 47,9%-მა თავი შეიკავა მათთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის დასახელებისგან, იტყობინება საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი “გორბი“. 
 
“ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც საარჩევნო კამპანია დაიწყო. დამკვირვებელთა თქმით, კამპანიის წარმოება ზომიერად მიმდინარეობს და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. 
 
“ოფიციალურად საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თუმცა არც ისე აქტიურად. ვვარაუდობთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დარღვევების მთავარი ფორმა იქნება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება [ოფიციალური პირებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან],“ განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ “სივილ ჯორჯიას.“

Back to top button