skip to content
ახალი ამბები

ქართული პრესა ბუშის ხელყუმბარის საქმეში ‘ეჭვმიტანილის’ შესახებ

ქართული გაზეთები წამყვან სტატიებში აღწერენ ახალგაზრდა პირის დაპატიმრებას, რომელიც შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განაცხადებით “სავარაუდო ეჭვმიტანილია“ 10 მაისს პრეზიდენტ ბუშის თბილისში ვიზიტისას ხალხში ხელყუმბარის სროლაში. თუმცა სტატიების მოცულობა მიუთითებს დაკავებულისა და პოლიციის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის სიმწირეზე. 20 ივლისიდან 21 ივლისის ღამით ჩატარებულ ოპერაციას უშიშროების ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო თავად ეჭვმიტანილი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა.


გაზეთი “24 საათი“ მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები ჩატარებული ოპერაციის დეტალებს არ ახმაურებენ, გამოთქვამს ვარაუდებს ეჭვმიტანილის საცხოვრებელ უბანში, ვაშლიჯვარში მომხდართან დაკავშირებით.


“სპეცოპერაცია თავად სამართალდამცველებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ [18 ივლისს] შსს–მ გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო ხელყუმბარის სავარაუდო მსროლელი. მოქალაქეს, რომელიც გამოძიებას პიროვნების იდენტიფიკაციაში დაეხმარებოდა, სამინისტრო 150 ათას ლარს ჰპირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შსს–ს ცხელ ხაზზე შევიდა არა ერთი ოპერატიული შეტყობინება სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ. სამართალდამცველებმა ყველა შესული ინფორმაციის გადამოწმება დაიწყეს. ვაშლიჯვარში შსს–ს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა სამკაციანი ჯგუფი მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესამოწმებლად  გავიდა. ამ ვერსიის მიხედვით, ძალოვანებს ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაგეგმილი არ ჰქონიათ. არუთუნიანთან სახლში მისულ რამდენიმე პოლიციელს მხოლოდ მისი პიროვნების შემოწმება ჰქონდათ განზრახული“, წერს 21 ივლისს “24 საათი“.


გაზეთი “რეზონანსი“ კი აცხადებს, რომ პოლიციამ არუთუნიანის შესახებ ინფორმაცია მისი ერთ–ერთი მეზობლისგან მას შემდეგ მიიღო, რაც შსს–მ ფოტოები გამოაქვეყნა.


გაზეთი ასევე აქვეყნებს რამოდენიმე დეტალს 27 წლის არუთუნიანის პიროვნების შესახებ და მის მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა. “იგი ყოველთვის იზოლირებული და საკმაოდ წყნარი ადამიანი იყო. მამამისი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ძალიან ღარიბი  ოჯახია“, აცხადებს “რეზონანსი“ არუთუნიანის მეზობლებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button