skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს ანტი-რუსული ისტერიის გაღვივებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 12 მაისს კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე პარლამენტის 10 მარტის დადგენილების შესაძლო ამოქმედების თაობაზე, რაც საქართველოში რუსული ბაზების კანონგარეშედ გამოცხადებას და მთელ რიგ ღონიძიებებს ითვალისწინებს.


12 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ   განაცხადა, რომ “თუ უახლოეს მომავალში არ იქნა მიღწეული პროგრესი [ქართულ-რუსულ] მოლაპარაკებებზე, პარლამენტი მოითხოვს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ 10 მარტის დადგენილების ამოქმედებას“.


“ცალმხრივი ღონისძიებების გატარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არ ვისურვებდი ასეთი ნაბიჯებით ქართულმა მხარემ დაარღვიოს საკუთარი ვალდებულებები და გაართულოს მოლაპარაკების პროცესი. მითუმეტეს, რომ ცალმხრივი ქმედებები, როგორც წესი, ორივე მხარისთვის ზიანის მომტანია“, აცხადებს 12 მაისს ალექსანდრე იაკოვენკო.


მისი თქმით, რუსულმა მხარემ უმაღლეს დონეზე დაადასტურა, რომ გაიყვანს საკუთარ ბაზებს.


“საუბარია მხოლოდ რეალური ვადების დადგენასა და პროცესის ტექნიკურ დეტალებზე, რაც ქართული და რუსული მხარეების ურთიერთქმედებას მოითხოვს“, აღნიშნა იაკოვენკომ.


მისი თქმით, მოლაპარაკებები ბაზების საკითხზე გრძელდება, “საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა პროგრესი სახეზეა“.


“მიუხედავად ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისში ვიღაცას სურს თავად მოლაპარაკებების ფაქტი გამოიყენოს ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად და არა კონკრეტული შედეგების მისაღწევად“, დასძინა იაკოვენკომ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button