ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტალიის პრეზიდენტს კარლო აძელიო ჩამპის შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ ეკონომიკის სფეროში.


„ჩვენი ვიზიტის მიზანია საქრთველოს პოპულარიზაცია. ჩვენ ველით, რომ ბევრი იტალიელი ბიზნესმენი ჩამოვა და ფულს ჩადებს პატარა, საშუალო და დიდ საწარმოებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც იტალიის ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


„ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.


კარლო აძელიო ჩამპის განცხადებით, იტალია მზად არის საქართველოში დაწყებული პრივატიზების პროცესში მიიღოს მონაწილეობა და „წვლილი შეიტანოს მცირე და საშუალო ბიზნესისი განვითარებაში“.


პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იტალიაში დღეს ჩავიდა. დღესვე იგი დაესწრება ბიზნეს-ფორუმს „ინვესტირება საქართველოში“, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროა. პრეზიდნეტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.


მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოში 7 მარტს დაბრუნდება.  


 

Back to top button