ახალი ამბები

თბილისი და კიშინიოვი გმობენ სეპარატისტულ კონფლიქტებს, დემოკრატიის ხელშეწყობასა და სუუამის რეფორმირებაზე თანხმდებიან

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოლდაველმა კოლეგამ ვლადიმერ ვორონინმა 2 მარტს კიშინიოვში ხელი მოაწერეს ორ ერთობლივ დეკლარაციას – ერთი ეხება დემოკრატიული ღირებულებების უზენაესობას, ხოლო მეორე – სეპარატისტულ კონფლიქტებს. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სუუამის რეფორმირების საკითხი და შეთანხმდნენ ორგანიზაციის სამიტის აპრილში კიშინიოვში ჩატარდეს.

სააკაშვილის პირველი ვიზიტი კიშინიოვში წინ უსწრებდა მოლდოვაში 6 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. „მე ჩამოვედი, რათა მხარი დავუჭირო დემოკრატიას“, განაცხადა სააკაშვილმა ვორონინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ და იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ვარაუდები, თითქოს ის ვორონინის მხარდასაჭერად ჩავიდა კიშინიოვში, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული-სახალხო პარტიის“ ლიდერს იური როჟკას.
 
ერთობლივი დეკლარაცია დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ მსგავსია იმ დოკუმენტისა, რომელსაც სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ იანვარში მოაწერეს ხელი და რომელიც „კარპატების დეკლარაციის“ სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი  მიესალმება „დემოკრატიზაციის მესამე ტალღას“, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობიან რევოლუციებზეა დაფუძნებული.
 
სააკაშვილთან გამართულ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ ვორონინი მოულოდნელად კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ ხელმოწერილ ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინა და მოლდოვა მხარს უჭერენ ორი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფებას.
 
მეორე ერთობლივი დოკუმენტი – დეკლარაცია ევროპაში „შავი ხვრელების“ წინააღმდეგ –  ეხება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთის (მოლდოვა) და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) სეპარატისტულ რეგიონებს.
 
„ჩვენ [საქართველოს და მოლდოვას] ბევრი მსგავსი პრობლემები გვაქვს და პირველ რიგში, ესაა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ამგვარად, ამ საკითხმა აბსოლუტური ასახვა ჰპოვა ხელმოწერილ დოკუმენტში“, განაცხადა ვლადიმერ ვორონინმა.   
 
„ევროპაში არ არის უკანონობის, ძალადობის და ყველაფერი იმის ადგილი, რამაც წლების განმავლობაში ჩვენ ყველა გამოგვფიტა,“ განაცხადა სააკაშვილმა.
 
არსებული ინფორმაციით, ერთობლივი დეკლარაციები ინგლისურ ენაზეა დაწერილი, განსხვავებით ყველა იმ დოკუმენტისა, რომელსაც დსთ-ს წევრი ქვეყნები აქამდე აწერდნენ ხელს და რომლებიც რუსულ ენაზეა შედგენილი.      


საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სუუამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხი. არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებდა 1997 წელს შეიქმნა. 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთიც შეუერთდა. თუმცა მას შემდეგ, რაც უზბეკეთმა, ასევე კუჩმას დროინდელმა უკრაინამ ინტერესი დაკარგა ორგანიზაციის მიმართ სუუამ–მა პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა. სააკაშვილის თქმით, სუუამის სამიტი 22 აპრილს კიშინიოვში გაიმართება.
 
პრეზიდენტი სააკაშვილი სუუამის აღორძინების შესახებ დემოკრატიის ხელშეწყობის კონტექსტში საუბრობდა. „სუუამი თანდათან ხდება ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ორგანიზაცია, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციის გზაზე დგანან“, განაცხადა სააკაშვილმა კიშინიოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
 
პოლიტიკურ მიმომხილველთა, ასევე რუსული და ქართული პრესის ვარაუდით, სუუამის რეფორმირების და აღორძინების შედეგად დსთ-ის სივრცეში შეიქმნება „ანტი-რუსული კოალიცია“. თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული.
 
„ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ალიანსი შევქმნათ რუსეთის წინააღმდეგ. ეს ძალიან სულელური [გადაწყვეტილება] იქნებოდა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა, დასძინა, რომ საქართველო და მოლდოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და „დროა დავივიწყოთ ის ურთიერთობები, რომლებიც საბჭოთა დროს არსებობდა“.  
 
მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების კომენტირებისას, სააკაშვილმა აშკარა მინიშნებები გააკეთა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში საარჩევნო პროცესებშირუსეთის როლზე. 
 
„სუვერენული სახელმწიფოს მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უცხოური პოლიტიკური ძალების კარნახით. არავინ მიესალმება ამას … ჩვენ ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, როდესაც საარჩევნო კამპანიაზე პირდაპირი ზეწოლის ხდება. იმ ხალხმა, რომლებიც დაშინებისა და დაშანტაჟების მეთოდს მიმართავენ, უკვე მოიმტვრიეს კისერი. მათ მოიმტვრიეს კისერი უკრაინაში, მათ მოიმტვრიეს კისერი საქართველოში. არც ვიცი რამდენი კისერი აქვთ?“ დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
„ეს ხალხი უნდა დამშვიდდეს და შეიგნოს, რომ მათი დრო წავიდა. მსოფლიო მხარს უჭერს თანასწორუფლებიან პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სადაც ყველა ერს თავისი უფლებები აქვს, სადაც არავინ კარნახოვს სხვა ერს როგორ განვითარდეს, ვინ აირჩიოს“, განაცხადა სააკაშვილმა. 


მისი თქმით, დემოკრატიული არჩევნები მოლდოვაში გზას გაუკვალავს კიშინიოვს ევროპული ინტეგრაციისკენ. „მალე, აქ [მოლდოვაში] ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოლდოვას შემდგომ განვითარებას. არჩევნების შემდეგ, რომელსაც მსოფლიო აღიარებს, როგორც თავისუფალს და დემოკრატიულს, მოლდოვასთვის და მთელი რეგიონისთვის ახალი პერსპექტივები გადაიშლება ევროპული ინტეგრაციის საკითხების თვალსაზრისით“, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

Back to top button