ახალი ამბები

პატარკაციშვილმა შესაძლოა საქართველო დატოვოს

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურო 2 მარტს იტყობინებოდა, რომ გავლენიანმა ფინანსურმა და მედია მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელმაც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ათობით მილიონი აშშ დოლარი დააბანდა, შესაძლოა დატოვოს საქართველო და უკრაინაში წავიდეს.    


პატარკაციშვილი, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსური მაქინაციების ბრალდებით იძებნება, საქართველოში 2001 წელს ჩამოვიდა და დაიწყო დამოუკიდებელი მასობრიბი საინფორმაციო საშუალებების აქციების შესყიდვა, ინვესტიციების ჩადება უძრავ ქონებაში, მან ასევე დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია და საბოლოო ჯამში, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ქართველ ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარე გახდა. 


რადიო „თავისუფლების“ ვარაუდით, ორი მიზეზს შესაძლოა გამოეწვია პატარკაციშვილის გადაწყვეტილება საქართველოს დატოვების თაობაზე:
“აღარ არის ზურაბ ჟვანია, რომელთანაც ბადრი პატარკაციშვილს ხაზგასმულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა. და კიდევ – უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსული ძალის დამარცხების შემდეგ, ამ ქვეყანამ რუსეთიდან დევნილი ოლიგარქებისთვის მეტი ხიბლი შეიძინა.”


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატარკაციშვილმა შეწყვიტა „იმედი ჰოლდინგში“ გაერთიანებული რამდენიმე საინფორმაციო საშუალების დაფინანსება. ჰოლდინგი აერთიანებს ტელევიზიას, რადიოსადგურს და საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესს“. გავრცელებული ინფორმაციით, პატარკაციშვილმა სწორედ „ინტერპრესის“ დაფინანსება შეწყვიტა. გასულ წელს, პატარკაციშვილმა დახურა „მთავარი გაზეთი“, რომელიც ასევე მედიაჰოლდინგში შედიოდა.
 
„არ არის გამორიცხული, გამოთავისუფლებული თანხები ბიზნესმენმა ახალი მედიაჰოლდინგის – ამჯერად უკვე უკრაინული “იმედის” – შექმნას მოახმაროს“, იუწყება რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურო.

Back to top button