
ევროპის კომისია საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს
ევროპის კომისია ურჩევს ევროკავშირს საგრძნობლად გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავების გზით, აცხადებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოსა და სომხეთში.
ამ რეკომენდაციას საფუძვლად უდევს კომისიის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული რეგიონალური მოხსენება, რომელიც ზედმიწევნით ასახავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას.
„ევროპის სამეზობლო პოლიტიკა საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ საქართველოსთან ურთიერთობა. დიდი იმედი მაქვს, რომ საბჭო დათანხმდება სამოქმედო გეგმის განხილვაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ვიმუშავოთ ერთობლივ დღის წესრიგზე მომდევნო წლების განმავლობაში. პროგრესი ჩვენს ურთიერთობაში აისახება ქვეყნის შემდგომ მცდელობებსა და წარმატებებზე“, განაცხადა საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა ბენიტა ფერერო-ვოლდნერმა.
სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ევროპის კომისიის მიერ რეკომენდირებული ამოცანები გულისხმობს:
• კანონის უზენაესობის დაცვის ამაღლება (სასამართლო სისტემის, სამართალდამცავი ორგანოების და პენიტენციალური სისტემის რეფორმირება) და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
• დემოკრატიული სტრუქტურებისა და პლურალიზმის გაძლიერება (პარლამენტის რეფორმირება, მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმირება და საარჩევო რეფორმა);
• ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება და სახელმწიფო სექტორის მოდერნიზება;
• საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების და კანონმდებლობის რეფორმირება და კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
• გამჭირვალე საპრივატიზაციო პროცესი;
• პროგრესი სიღარიბის დაძლევაში, მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაში;
• პროგრესი კონფლიქტების მოგვარებასა და რეგიონალური თანამშრომლობის გაფართოებაში;
• საჭიროა წინდახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნება სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელების მხასდასაჭერად.
ევროკავშირმა გასული წლის ივნისში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თავის სამეზობლო პოლიტიკაში გააწევრიანა.