ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა რუსეთის მხრიდან ეუთოს ჟანტაჟზე საუბრობს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დაუშვებლად მიიჩნევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნით ცხინვალიდან ეუთოს ოფისის ხელმძღვანელის განჩო განჩიევის გაწვევას და კონფლიქტის ზონის „ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლის“ გარეშე დატოვებას.


გოგა ხაინდრავა ამ ფაქტს, რაც დღეს საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა გაახმაურა, რუსეთის მიერ ცხინვალის  ხელისუფლების გამოყენებით ეუთოზე შანტაჟის მცდელობად აფასებს იმ ფონზე, როცა რუსეთმა ორი თვის წინ ვეტო დაადო ეუთოს მონიტორინგს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის  მონაკვეთზე.


„კონფლიქტის ზონაში ეუთოს მონიტორინგის მისიის  მუშაობაში დისონანსის შეტანა არის ეუთოზე იმ ზეწოლის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ამ ნაბიჯს ჩვენ განვიხილავთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობას, რაც ყოვლად მიუღებელია“, ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გოგა ხაინდრავა ეუთოს ცხინვალის მისიის ხელმძღვანელის კონფლიქტის ზონაში მოღვაწეობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და აცხადებს, რომ „კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას იგი ყოველთვის პრინციპულობით გამოირჩეოდა“.


ბორის ჩოჩიევი განჩო განჩევს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების მიკერძოებულ შეფასებაში ადანაშაულებს და მის გაწვევას მოითხოვს.


 

Back to top button