ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის სამხედრო დახმარების მიმღებთა სიაში ლიდერთა შორისაა

ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჯეიმს ჯონსმა, 1 მარტს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის სამხედრო დახმარების მიმღებთა სიაში ლიდერთა შორისაა.


„პოლონეთი, საქართველო, რუმინეთი და ბულგარეთი ჩვენს, უცხოური სამხედრო დაფინანსების მიმღებთა სიაში ლიდერობენ; ისინი ეფექტურად თანამშრომლობენ  ჩვენს ძალებთან თავისუფლების ხელშეწყობისა და ერაყის თავისუფლების ოპერაციებში“, განაცხადა ჯონსმა.

2005 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო დახმარების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რომლის სახელწოდებაა: “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა.“ ამ პროგრამის განსახორციელებლად აშშ–მა 60,5 მილიონი დოლარი გამოყო.


„საქართველოში “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა“ ითვალისწინებს ორი სამშვიდობო ბატალიონის მომზადებას ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად… პროგრამა ასევე უზრუნველყოფს [ქართველ სამხედრო] ინსტრუქტორთა მომზადებას. საბოლოო ჯამში, პროგრამა დაეხმარება იმ პროგრესის გამყარებას, რომელიც „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში იქნა მიღწეული, და ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასავლური სტანდარტების დანერგვას“, განაცხადა გენერალმა ჯონსმა.   

Back to top button