
სამხრეთ ოსეთის მხარე ეუთოს ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელის გაწვევას მოითხოვს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა ტელეკომპანის „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ცხინვალში ეუთოს ოფისის ხელმძღვანელის, ბულგარელი დიპლომატის განჩო განჩევის გაწვევას მოითხოვს.
„სამხრეთ ოსეთის მხარე მის [განჩო განჩევის] მიერ გაკეთებულ შეფასებებს მიკერძოებულად მიიჩნევს“, განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.
ქართული მხარემ უკვე შეაფასა ცხინვალის მოთხოვნა „რუსეთის ზეწოლად ეუთოზე“. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ცხინვალი რუსეთის მხარდაჭერით ცდილობს შეაფერხოს ეუთოს მონიტორინგის პროცესი კონფლიქტის ზონაში.
თუმცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრის ბორის ჩოჩიევის თქმით, ცხინვალი დაჟინებით მოითხოვს განჩო განჩევის გაძევებას და არა ეუთოს ოფისის დახურვას ცხინვალში.
ეუთოს ოფისი ცხინვალში, რომელიც 1997 წელს გაიხსნა, ხელს უწყობს ინფორმაციის შეგროვებას კონფლიქტის ზონაში არსებულო სამხედრო ვითარების შესახებ, ასევე ამოწმებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დარღვევის ფაქტებს.