ახალი ამბები

პროფკავშირები ქონების 90%-ს სახელმწიფოს ნებაყოფლობით გადასცემს

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე “კეთილგონივრული ნაბიჯი უწოდა” საქართველოს პროფკავშირების გადაწყვეტილებას კუთვნილი ქონების 90%-ი ნებაყოფლობით გადასცეს სახელმწიფოს.


“პროფკავშირებმა გადმოგვცა 49 ობიექტის სია, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი ობიექტის მიღებას ვფიქრობთ”, განაცხადა ალექსიშვილმა.


პროფკავშირების ქონებაში საქართველოს მასშტაბით 55 ობიექტი შედის, ძირითადად დასასვენებელი ცენტრები და კურორტები, ასევე სპორტული კომპლექსები. 


“სახელმწიფო იზრუნებს ამ ქონების რეაბილიტაციაზე, რათა საქართველომ კვლავ დაიბრუნოს ტურისტული ქვეყნის სახელი”, დასძინა ალექსიშვილმა.


პროფკავშირების საბჭომ 25 თებერვალს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გასულ კვირას პროფკავშირების ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.


 

Back to top button