ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 26 თებერვალს ოთარ ხაცია შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. მანამდე, ხაციას სოხუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.


ოთარ ხაციას დანიშვნა ბაღაფსა და დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ხაჯიმბამ “აფსნიპრესს” განუცხადა, რომ 24-25 თებერვალს განხორციელებული მინისტრების დანიშვნებით პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დაარღვია კანონი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და 2004 წლის 6 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება ძალაუფლების გაყოფის შესახებ.


დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბაღაფშმა უარი თქვა ხაჯიმბას მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ოთარ ბერულავას კანდიდატურაზე. ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, უშიშროების და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.


„აფსნიპრესის“ ცნობით, 25 თებერვალს ბაღაფშმა ასევე დანიშნა ვახტანგ ფიფია საგადასახადო შემოსავლების მინისტრად; ვიტალი სმირი – სოფლის მეურნეობის მინისტრად; ქრისტინა ოზგანი – ეკონომიკის მინისტრად და ზურაბ მარშანია – ჯანდაცვის მინისტრად. 



 

Back to top button