
საქართველო ამერიკელი დიპლომატის მკვლელობის საქმეს ხელახლა იძიებს
ქართული მედიის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ 12 წლის წინ საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
ფრედ ვუდროფი, რომელიც არსებული ინფორმაციით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი იყო, 1993 წლის აგვისტოში თბილისის მახლობლად საკუთარ მანქანაში მოკლეს. მაშინდელი უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი 22 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხეს.
მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ პოლიციამ ქართველი სამხედრო ანზორ შარმაიძე დააპატიმრა, რომელსაც სასამართლომ ვუდროფის მკვლელობაში დასდო ბრალი და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვუდროფის ოჯახის ადვოკატმა მაიკლ ფულარამ გასული წლის მაისში საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მიმართა. თუმცა მაშინ მას მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
თუმცა, იანვარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ საქართველო მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას იწყებს.
“გვინდა საქმე ღიად და გამჭირვალედ გამოვიძიოთ“, განაცხადა მან 22 იანვარს და დასძინა, რომ გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები.