ახალი ამბები

რუსი გენერლის ცნობით, ჩეჩენი მებრძოლები ტერაქტების მოწყობას საზღვარგარეთ აპირებდნენ

ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ილია შაბალკინმა “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ “ჩეჩნეთის მთებში აღმოჩენილი მებრძოლები დაღესტნის გავლით რუსეთის ფარგლებს გარეთ მიემართებოდნენ ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით“.   


შაბალკინის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობების სამალავი ვედენოს ოლქში იქნა აღმოჩენილი, სოფლების ელისტანჯისა და ერსენოის მახლობლად.


რუსი გენერლის მინიშნებაში, რომ ჩეჩენი მებრძოლები “დაღესტნის გავლით რუსეთის ფარგლებს გარეთ მიემართებოდნენ“, იგულისხმება ან საქართველო ან აზერბაიჯანი, როგორც ტერორისტთა სავარაუდო სამიზნე.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის სამხედრო პირები საუბრობენ ტერორისტულ საფრთხეზე, რომელიც რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებს ემუქრებათ.

აქამდე, ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთში ტერორიზმის საფრთხე პანკისის ხეობიდან მოდის.

Back to top button