ახალი ამბები

ლუქსემბურგი საქართველოში საბჭოური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უტილიზაციას დააფინანსებს

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს იუსტიციის, ხაზინის, ბიუჯეტისა და თავდაცვის მინისტრი ლიუკ ფრიდენი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 16 თებერვალს ფონიჭალას სამხედრო ბაზას ეწვია, სადაც მიმდინარეობს საბჭოთა დროინდელი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების უტილიზაცია.


ლუქსემბურგის მხარემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის უკვე გამოყო 450.000 ევრო. “მომავალშიც იგეგმება დამატებითი ფონდების გამოყოფა”, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


16 თებერვალს ლიუკ ფრიდენი, რომელსაც თან ახლავს ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოს (NAMSA) გენერალური დირექტორი გენერალ-მაიორი კარლ-ჰაინც მუნცერი, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს.


საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებს. ლუქსემბურგი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.


 

Back to top button