ახალი ამბები

ეუთო საქართველოში ინტერ-ეთნიკურ ურთიერთობებზე ზრუნავს

საქართველოს მთავრობა ეუთო-ს დახმარებით იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანიცაა საქართველოში ინტერ-ეთნიკური ურთიერთობების გაძლიერება, იტყობინება საქართველოში ეუთოს მისია.


პროექტი ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს შეეხება. ეს რეგიონი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.


პროექტი, რომელიც ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის ახალ ინიციატივას წარმოადგენს, ითვალისწინებს ქართული ენის კურსების ჩატარებას საჯარო მოხელეებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ქართული საინფორმაციო გამოშვებების სომხურად თარგმნას, რეტრანსლიაციას და უფასო იურიდიული კონსულტაციების უზრუნველყოფას ეთნიკურად ქართველი და სომეხი მოსახლეობისთვის ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას (15 თებერვალს) საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობებთან “ხიდების მშენებლობის” საჭიროებას. “უნდა ვისწავლოთ საგნებს მათი თვალებით შევხედოთ“, განაცხადა მან. 


 

Back to top button