ახალი ამბები

სააკაშვილი ბუშს და იუშჩენკოს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდნეტს ჯორჯ ბუშს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტებმა რიგი პოლიტიკური და რეგიონალური საკითხები განიხილეს.


საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ბუშმა მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ინიცირებულ სამშვიდობო ინიციატივას.


“პრეზიდენტებმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, კორუფციასთან ბრძოლის და ქართველი ხალხის თავისუფლების გაფართოების საკითხები განიხილეს”, აცხადებს AFP თეთრი სახლის წარმომადგენლის სკოტ მაკკლენანის სიტყვებზე დაყრდნობით.  


“მათ ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის სერიოზული სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში”, დასძინა მან.


იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს ესაუბრა. საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ისინი უკრაინაში  საქართველოს წელიწადს ერთად გახსნიან, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში საქართველოს საქმიანობას უკრაინაში 2005 წლის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტი საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრება, რის შემდეგაც შედგება ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტი საქართველოში.

Back to top button