
საქართველოში პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასა და გორის ტერაქტთან დაკავშირებით გლოვაა გამოცხადებული
საქართველოში 5-6 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და გორში მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი პოლიციელის დაღუპვასთან დაკავშირებით გლოვაა გამოცხადებული. ამავდროურად, 4 თებერვალს ვრცელდება ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის გიორგი ხელაშვილის თვითმკვლელობის შესახებ. ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ამ შემთხვევას არანაირი კავშირი არ აქვს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან.
თბილისში 5 თებერვალს უცხოურმა დელეგაციებმა დაიწყეს ჩამოსვლა, რომლებიც კვირას ზურაბ ჟვანიას დაკრძალვას დაესწრებიან. პრემიერ-მინისტრი 5 თებერვალს საღამოს დედის სახლიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.
5 თებერვალს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ვერსია უბედური შემთხვევის თაობაზე, რაც არასწორად დამონტაჟებული ირანული წარმოების გაზის გამათბობლიდან მხუთავი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად ზურაბ ჟვანია და რაულ უსუფოვი, რომელსაც ჟვანია სტუმრობდა, გარდაიცვალნენ.
გიორგი ჯანაშიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან
დაკავშირებით ათობით ადამიანი, მათ შორის ჟვანიას დაცვის წევრებიც, დაიკითხნენ. მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრი 3 თებერვალს დაახლოებით ღამის 1:20 საათზე მობილურით დაუდგენელ პიროვნებას ესაუბრა. გენერალური პროკურორის განცხადებით, ამჟამად სამართალდამცავები ამ პიროვნების ვინაობას ადგენენ.
ზურაბ ჟვანია მისმა დაცვამ 3 თებერვალს მისი მეგობრის ბინაში
ღამის 4:30 საათზე გარდაცვლილი იპოვა.
თუმცა, ქართულ პრესაში უკვე გავრცელდა ეჭვები ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. გაზეთი “24 საათი” და “რეზონანსი” 5 თებერვალს იტყობინებიან, რომ უცნაურია, რომ ერთადერთი ვერსია, რომელიც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა თავიდანვე გამოთქვეს, იყო “უბედური შემთხვევა”. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამავდროულად, 4 თებერვალს თბილისში საკუთარ ბინაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გიორგი ხელაშვილი იარაღით მოკლული იპოვეს. სამართალდამცავთა განცხადებით, ეს იყო თვითმკვლელობა. 32 წლის გიორგი ხელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის თანამშრომელი იყო. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამორიცხეს შესაძლო კავშირი ამ ინციდენტსა და პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას შორის. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელობის უკან პირადი მოტივები დგას.
საქართველოში მიმდინარე კვირას კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როდესაც გორში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი გარდაიცვალა და 27 პიროვნება დაშავდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია ინციდენტის გამოძიების დეტალები, რომელსაც ოფიციალურ პირთა მიერ ტერაქტის შეფასება მიეცა. ოფიციალური შეფასებით ტერაქტი “მშვიდობის მოწინააღმდეგე ძალებმა” და “საქართველოს მტრებმა” განახორციელეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გორში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი სამი პოლიციელის დაკრძალვას დაესწრო, 5 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება რამოდენიმე ვერსიაზე მუშაობს და დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. “ჩვენ დავსჯით მათ, ვინც აფეთქების უკან დგას”, – დასძინა მან.