
სამხედრო კათედრის გავლა სამხედრო სამსახურად აღარ ჩაითვლება
დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სამხედრო კათედრების გავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად აღარ ჩაითვლება და შესაბამისად, კათედრებს სამხედრო წოდებების მინიჭების უფლებაც ჩამოერთმევათ.
“თავდაცვის სამინისტროს დღეს მოქმედი სქემა აღარ აკმაყოფილებს”, განუცხადა დღეს დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვასილ სიხარულიძემ.
კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან დროებით თავისუფლდება.
დღესვე პარლამენტმა ასევე მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი “თავდაცვის შესახებ”, რომელიც თავდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს შორის შესაბამისად სამოქალაქო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს.