ახალი ამბები

შემაშფოთებელი სტატისტიკა სამართალდამცველებს ადამიანის უფლებებზე ყურადღების გამახვილებას აიძულებს

ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების მხრიდან წინაწარი დაკავების საკნებში არსებული დარღვევების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი აცხადებენ, რომ ამიერიდან მათი საქმიანობის პრიორიტეტი სამართალდამცავ სტრუქტურებში ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირებული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

ამ მიზნით სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც პერმანენტულად გააკონტროლებენ სამართალდამცავების მოქმედებებს. გენერელური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ინფორმაციით, წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და ნარკოტიკების ჩადების ფაქტებზე პროკურატურაში უკვე 14 საქმეა აღძრული.

“პირველ ეტაპზე ძალოვანების პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა და უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევა იყო, ახლა ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს დავუთმობთ”, განაცახადა 18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ადეიშვილმა.

სამართალდამცავების გაკონტროლების მიზნით წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხი 11 ოქტომბერს  უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე მას შემდეგ დაისვა, რაც ცნობილი გახდა ქვეყანაში წამების შესახებ შემაშფოთებელი სტატისტიკური მაჩვენებლები.


“თავისუფლების ინსტიტუტის“ მონაცემებით “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან წამების ფაქტებმა იმატა.


“ბოლო 11 თვის მონაცემების მიხედვით, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ისურვა გაეცხადებინა ცემის და წამების შესახებ, დაახლოებით 558-ია, მათ შორის არ არიან ისინი, ვინც შიშის გამოა გაჩუმებული”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ.
 
“განსაკუთრებით რთული ვითარებაა ამ მხრივ რეგიონებში, სადაც ვერ ხერხდება კონტროლი. ხშირია არა დანაშაულში ეჭვმიტანილზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები, არამედ მოწმის სახით დაბარებულების ცემა, მათ შორის, პროკურორების მხიდანაც. ამის ფაქტები გაგვაჩნია”, აცხადებს თეა თუთბერიძე.


ცემისა და ზეწოლის ფაქტებს ემატება დაკავების მიზნით პიროვნებისთვის ცრუ სამხილების ჩადება, იქნება ეს ნარკოტიკური ნივთიერებები თუ იარაღი. ამ მხრივ აღსანიშნავია, ცხინვალის რეგიონში განთავსებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიხეილ ქებაძის დაპატიმრების ფაქტი.


სამართალდამცველებმა ის იარაღის უკანონო შენახვისთვის 13 ოქტომბერს დააკავეს. ქებაძის მეუღლე ირწმუნებოდა, რომ იარაღი სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკვის დროს თავად დადეს. მოგვიანებით სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობაც კი შეუფარდა, თუმცა 17 ოქტომბერს, მოულოდნელად, ქებაძე გაანთავისუფლეს და მის წინააღმდეგ საქმეც დახურეს. უშიშროების სამინისტრო აცხადებდა, რომ არსებობდა ეჭვი თითქოს ქებაძემ სახელმწიფო საიდუმლოება გათქვა, მაგრამ ამის გამო სისხლის სამართლის საქმე ვერ აღძრეს სამხილების უქონლობის გამო. თუმცა გაურკვეველი რჩება იარაღის საკითხი. თუ ქებაძე მართლაც ინახავდა არარეგისტრირებულ იარაღს ბინაში, მაშინ გაუგებარი რჩება, რატომ გაანთავისუფლეს იგი.


ბოლო პერიოდში წინასწარი დაკავების საკნებში ცემისა და წამების ფაქტების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც გამოთქვამს.


მისი განცხადებით, კარგია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ 17-ვე წინასწარი დაკავების საკნებში იმუშავებს მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული. 


“ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტი უნდა შეიქმნას, ანუ სამართალდამცავებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ქმედებას აკონტროლებენ და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში თავად აგებენ პასუხს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ელენე თევდორაძემ.


წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაკვირვების შედეგებს სახალხო დამცველს მოახსენებენ, ადამაინის წამების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში კი სამართალდამცავი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. “ამის პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ ყველამ აგოს პასუხი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის “, აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

Back to top button