ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ ოსეთის ტრაგიკული მოვლენების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, სადაც 1 სექტემბერს ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს მოსწავლეები, განაცხადა, რომ “არავინ არის დაზღვეული ტერორიზმისაგან”.


მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაუგზავნა წერილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სადაც გამოთქვა შეშფოთება ჩრდილოეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სააკაშვილმა პუტინს ფართო თანამშრომლობა შესთავაზა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.


პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააგზავანა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ჯგუფები ჩრდილოეთ ოსეთისაკენ, სადაც პირველ რიგში ამ ტიპის დახმარებას საჭიროებენ.


“მძიმედ განვიცდით იმას, რაც მოხდა ჩრდილოეთ ოსეთში, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობები გვქონდა”, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ეს განაცხადებები ბორჯომის რაიონში ოსებით დასახლებულ სოფელ მიტარბში სტუმრობის დროს გააკეთა, სადაც ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთში დევნილი რამოდენიმე ოჯახი მოინახულა, რომლებიც ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდნენ.


 

Back to top button