
ქართულ მხარეს ჯარები ცხინვალის რეგიონიდან გორში გადაჰყავს
![]() |
20 აგვისტოდან მოყოლებული კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა. |
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 აგვისტოს ახსნა, ეს ნაბიჯი ემსახურება რეგიონში მშვიდობის დამყარებას. თუმცა იქვე დასძინა, რომ “ეს იქნება მშვიდობის ბოლო შანსი”. კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ის 500 ქართველი ჯარისკაცი დარჩება, რომელიც შერეულ ქართულ–რუსულ–ოსურ სამშვიდობო ძალების კონტიგენტში შედიან. აშშ–ის ადმინისტრაცია უკვე მიესალმა ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებას.
კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა დაადასტურა, სოფელ თრიაყანას სიახლოვეს მდებარე სიმაღლეების შერეული სამშვიდობო ძალებისთვის გადაცემის ფაქტი.
ეს ის სიმაღლეებია, რომლებიც კონფლიქტის ზონაში განლაგებულ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ქართულ სოფლებს გადაჰყურებენ. ამ პოზიციებიდან, ქართული მხარის მტკიცებით, ასევე კარგად ჩანს ჯავის მახლობლად განლაგებული სამხრეთ ოსური შეიარაღებული რაზმების პოზიციები. ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული სოფლები სწორედ ამ სიმაღლეებიდან იბომბებოდა, რასაც 12 აგვისტოდან მოყოლებული 12 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიული პუნქტების აღების ოპერაციისას განადგურებულ იქნა 8 დაქირავებული მებრძოლი რუსეთიდან, ძირითადად კაზაკები. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სამხრეთ ოსური მხარე, რომლის მტკიცებითაც, ამჟამად მათ შეიარაღებულ ძალებში არ იმყოფებიან კაზაკები და სხვა მოხალისეები.
აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანად ჩაიარა. წინა დღეებისგან განსხვავებით არ ისმოდა სროლები.
ქართულმა მხარემ ასევე დაიწყო კონფლიქტის ზონიდან ზედმეტი შეიარაღებული ნაწილების გაყვანაც. ეს ინფორმაცია რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმაც დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
“ქართული მხარე ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ჯარისკაცების კოლონები გორის მიმართულებით მიემართებიან, თუმცა ჯერ ძნელია იმის თქმა თუ რამდენმა ჯარისკაცმა დატოვა კონფლიქტის ზონა და კიდევ რამდენია დარჩენილი“, განუცხადა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა 20 აგვისტოს სააგენტო “ინტერფაქს.“
ოსური მხარის მტკიცებით, თბილისს შეიარაღებული ნაწილების მხოლოდ ნაწილი გაჰყავს. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, “ქართულ სოფლებში კვლავ რჩებიან საქართველოს უკანონო შეიარაღებული ჯგუფები.“
“კონფლიქტის ზონიდან გამოყვანილი შეიარაღებული ძალები გორში განლაგდებიან. თუ ერთი ჭურვი მაინც დაეცემა ქართულ სოფელს, ეს ჯარები ცხინვალში აღმოჩნდებიან“, განაცხადა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 19 აგვისტოს.
“გორიდან ცხინვალამდე სულ 15 წუთის სავალია“, დასძინა ოქრუაშვილმა.
რუსეთის მხრიდან თბილისის ამ გადაწყვეტილებებს ჯერ–ჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა 19 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა რაზმებმა სტრატეგიული პოზიციები დაიკავეს. თუმცა განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს მიერ ამ სიმაღლეების სამშვიდობოებისთვის გადაცემასა და ჯარების გამოყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
თბილისისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა აშშ–მა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოიყვანოს შეიარაღებული ძალების დამატებითი ნაწილების ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან.
“პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა წინადადება ჯარების გაყვანის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა მივესალმებით, ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი სიგნალი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიყენოს ეს შანსი, რათა მოხდეს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით ვაშინგტონი აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს, როგორც თბილისთან, ასევე მოსკოვთან, რათა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც “განამტკიცებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის ზონაში სიმშვიდე კვლავაც გაგრძელდა, თბილისი წინა პლანზე კვლავ წამოწევს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და საქართველოს პრემიერ–მინისტ ზურაბ ჟვანიას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობის საკითხს.
როგორც ცნობილია, 17–18 აგვისტოს ჟვანიასთან და კოკოითთან გამართულ შეხვედრებზე შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებმა მიიღეს გარანტიები, რომ ორივე, კოკოითიც და ჟვანიაც პირისპირ შეხვედრისთვის მზად არიან. თუმცა არც დრო და არც მოლაპარაკებების ადგილი ჯერ გარკვეული არ არის.