
აჭარის დროებითი საბჭოს წევრები თანამდებობებს ტოვებენ
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა აჭარის დროებითი საბჭოს ოთხმა წევრმა 31 მაისს თანამდებობები დატოვა.
დეპუტატმა თამაზ დიასამიძემ „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატებიდან“, ასევე ელგუჯა მაკარაძემ, ედუარდ ფუტკარაძემ და მურმან დუმბაძემ პროტესტი გამოხატეს დროებითი საბჭოს გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც აჭარის ადგილობრივი საკანონდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობას კრძალავს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი პარალელურად საქართველოს პარლამენტის წევრიც არის.
ამგვარად, დეპუტატი თამაზ დიასამიძე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, თუ ის საქართველოს პარლამენტს არ დატოვებს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ გენერალური მდივნის გიორგი არველაძის მიერ და ეს პირადად ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართული, რათა ხელი შეეშალათ ჩემთვის მონაწილეობა მიმეღო აჭარის არჩევნებში“, განაცხადა დეპუტატმა თამაზ დიასამიძემ 31 მაისს.
“რესპუბლიკურმა პარტიამ”, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებთან“ ერთად 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით იღებდა მონაწილეობას, ასევე გააპროტესტა საბჭოს გადაწყვეტილება.
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა უკვე გადაიფიქრა უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა ბათუმის მაჟორიტარულ ოლქიდან, რადგანაც იგი საქართველოს პარლამენტის წევრია.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა და “რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ არის მიმართული, რადგანაც ჩვენ საკმაოდ პოპულარულები ვართ აჭარაში. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულ პირებს “ნაციონალური მოძრაობიდან” არ სურთ, რომ რესპუბლიკელებმა აჭარის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ“, განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ამ ფონზე “რესპუბლიკურიმა პარტიამ“ უარი განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკი ჩამოეყალიბებინა და აჭარის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა .