ახალი ამბები

აფხაზეთის სახალხო კრება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთათვის ხუთწლიან ცენზს აწესებს

აფხაზეთის სახალხო კრებამ მეორე მოსმენით მიიღო კანონი „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“, რომლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ იმ პირებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე  აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უცხოვრიათ.


ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონში ამ ცვლილებების შეტანით საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 2004 წლის ოქტომბრის თვეში ტარდება, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ და საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებენ არჩევნებში. მათ შორის არიან მოსკოვში მცხოვრები აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელი, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ყოფილი  შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი და სოხუმის ყოფილი მერი ნოდარ ხაჟბა.


აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კანონი „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ 1999 წელს იქნა მიღებული, რომლის მიხედვით პირს, რომელიც  თავისუფლად არ ფლობდა აფხაზურ ენას, ეკრძალებოდა არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ სახალხო კრებამ არ გათვალისწინა ერთ-ერთი მუხლი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების განსაზღვრულ ცენზს აწესებდა.

Back to top button