
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უარყოფენ სააკაშვილის წინადადებას გაერთიანების თაობაზე
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა უარყვეს სააკაშვილის მოწოდება გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ ოსეთი სუვერენული რესპუბლიკაა და მზად არის მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობებზე ისაუბროს საქართველოსთან“, განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ 26 მაისს.
ჯიოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, და არა ერთიანი სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ ასევე უარყო სააკაშვილის წინადადება გაერთიანების თაობაზე.
“აფხაზეთმა უკვე საბოლოოდ განსაზღვრა თავისი სტატუსი. რესპუბლიკამ მიიღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსტიტუცია და აფხაზეთის სტატუსის საკითხი ვეღარ გახდება განხილვის საგანი“, განაცხადა ხაჯიმბამ 26 მაისს.
26 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობას თავიანთ მშობლიურ ენებზე მიმართა და სეპარატისტულ ლიდერებს რესპუბლიკების სტატუსის თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
თბილისი მზად არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომიების სტატუსი შესთავაზოს.