
ევროპის საბჭო ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის თაობაზე ინფორმაციას უარყოფს
ევროპის საბჭომ პირველი კომეტარი გააკეთა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის საქართველოდან გაწვევის თაობაზე.
„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის პოზიციის შესახებ ქართული და საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ორგანიზაციის პრეს-სამსახურის უფროსი და პრესის განყოფილება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას საქართველოს ხელისუფლებისგან არ მიუღია რაიმე ოფიციალური მოთხოვნა პლამენ ნიკოლოვის გაწვევის თაობაზე“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ 10 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
„სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის პოზიცია განხილული იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს სტრასბურგში, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას [12-13 მაისს]“, – ნათქვამია განცხადებაში.
არც ევროპის საბჭოს და არც პლამენ ნიკოლოვს, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, ოფიციალური კომენტარი საქართველოს ხელისუფების ბოლოდროინდელი პრეტენზიების თაობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ.
პლამენ ნიკოლოვი 8-9 მაისს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციასთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა და 10 მაისს თბილიში დაბრუნდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვალტერ შვიმერი აჭარასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და მას „თავხედი და მაღალხელფასიანი ბიუროკრატი უწოდა.“
პრეზიდენტ სააკაშვილის მწვავე კრიტიკა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მიერ 2 მაისს გაკეთებულ განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც შვიმერმა აჭარაში განვითარებული მოვლენების გამო თბილისსაც და ბათუმსაც თანაბარი პასუხისმგებლობა დააკისრა.
ვალტერ შვიმერის განცხადებით,“შოკის მომგვერლია ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ქვეყანაში ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი”.
9 მაისს ბათუმის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, „ეს არ იყო ნამდვილი ევროპელის განცხადება; ეს თავხედი და მაღალხელფასიანი ბიუროკრატის განცხადება იყო“.
„მისი [ვალტერ შვიმერის] განცხადება, რომ ორივე მხარემ [ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აბაშიძის რეჟიმმა] დაკარგეს დიალოგის უნარი, ნიშნავს თითქოს ორივე მხარე თანაბრად პასუხისმგებელი იყო იმაზე, თუ რაც ხდებოდა აჭარაში“, – დასძინა პრეზიდენტმა.