
ასლან აბაშიძემ ახალი პირობები დააყენა
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 21 მარტს განაცხადა, რომ იგი გააუქმებდა საგანგებო მდგომარეობას რეგიონში, თუ ცენტრალური ხელისუფლება „საზღვაო ბანკის“ ანგარიშებს ყადაღას მოხსნიდა.
აჭარის ხელისუფლება მთელ ფინანსურ ოპერაციებს საზღვაო ბანკის საშუალებით აწარმოებს, რომლის ანგარიშებიც მას შემდეგ გაიყინა, რაც გენერალურმა პროკურატურამ ბანკი ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნა აჭარაში, რომლებიც ბათუმის პორტს და სარფის საბაჟოს გააკონტროლებენ, აჭარის ლიდერთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო.
ასლან აბაშიძე ასევე ითხოვს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლების დანიშვნას ფოთის პორტში და ვალეს საბაჟოზე.
პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს 18 მარტს ეკონომიკური სანქციების მოხსნას დაპირდა. სანაცვლოდ, აბაშიძემ პირობა დადო, რომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობას გააუქმებდა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებდა, პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებდა და შეიარაღებულ ჯგუფებს განაიარაღებდა.