skip to content
ახალი ამბები

მთავრობის წარმომადგენლები განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან კიდევ ერთ ხელფასს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან კიდევ ერთ ხელფასს მიიღებენ. ფონდის დირექტორის კონსტანტინე კუბლაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ყოველთვიურად, ხელფასის გარდა, კიდევ 1500 დოლარი ექნებათ. 1200 დოლარი ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, უშიშროების საბჭოს მდივანს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და გენერალურ პროკურორს.


“სულ ფონდიდან გაცემული სახელფასო თანხით 5 ათასი სახელმწიფო მოხელე დაკმყოფილდება. მათ შორის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზე გაკეთდება აქცენტი. საგზაო პოლიციელის ხელფასი 150 დოლარით განისაზღვრება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას გავითარებისა და რეფორმების ფონდის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშილმა.


მისი თქმით, 2 მილიონი დოლარი, რომელიც სოროსის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ იქნა გადმორიცხული, საქართველომ გრანტის სახით მიიღო და ამიტომ ეს თანხა დაბეგვრას არ ექვემდებარება.


აღნიშნული თანხა ორ თვეზეა გაწერილი და მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებებში მომუშავე პერსონალის სამუშაოსადმი დაინტერესებას. კონსტანტინე კუბლაშვილის  განცხადებით, მომავალი წლიდან უკვე ნელ-ნელა მოხდება სახელფასო თანხების ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინება. 2006 წლისთვის ამ რაოდენობამ 70% უნდა შეადგინოს. 2007 წელს კი ხელფასების დაფარვა 100%-ით ბიუჯეტიდან მოხდება.


განვითარებისა და რეფორმების ფონდის შექმნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავოსში ვიზიტის დროს გადაწყდა, როდესაც ამერიკელმა მილიარდელმა ჯორჯ სოროსმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მარკ მალოქ ბრაუნმა ერთობლივი გადაწყევტილება მიიღეს თითო-თითო მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრებისთვის ხელფასების გაცემას მოხმარდებოდა.   

მსგავსი/Related

Back to top button