
ცსკ-მ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს იმუნიტეტი მოუხსნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, საფოსტო ბანკის ხელმძღვანელს სერგო იაკობიძეს დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტეტი მოუხსნა. ამ მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 18 მარტს მიმართა.
სერგო იაკობიძეს ბრალი ედება დევნილთა შემწეობების გაუცემლობაში და დაახლოებით 758 ათასი ლარის მითვისებაში. მასზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ გასულ წელს აღძრა. არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული იყო, როდესაც ჭიათურის საოლქო კომისიამ იაკობიძე რეგისტრაციაში გაატარა.
ამ დროისათვის სერგო იაკობიძეზე ძებნაა გამოცხადებული, რადგანაც იანვრის თვიდან იგი საქართველოში არ იმყოფება. ჭიათურაში მაჟორიტარული წესით განმეორებითი არჩევნები 28 მარტს არის დანიშნული, რომელშიც მონაწილეობის მიღება სერგო იაკობიძესაც შეუძლია, რადგანაც არსებული კანონმდებლობით, პირს, რომელიც ეჭვმიტანილია, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა, თუ მას აღმკვეთი ღონისძიება ჯერ არ აქვს შეფარდებული.