
ევროკავშირი საქართველოს კრიზისის დაძლევისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი საქართველოს ცენტრალურ და აჭარის რეგიონალურ ხელისუფლებას კრიზისის დაძლევის მიზნით მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის მიერ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და „მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან, რასაც შესაძლოა ძალადობა მოყვეს“.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ და აჭარის რეგიონალურ ხელისუფლებას დიალოგის საშუალებით მოძებნონ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზა საქართველოს ინტერესების დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროკავშირი მზად არის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს კრიზისის დაძლევის საქმეში“.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე 16 მარტს საქართველოში იმყოფებოდა, სადაც კრიზისის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილთან და ასლან აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები.