
სააკაშვილი აბაშიძესთან რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
![]() |
სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი მზად არის იყოს კონსტრუქციული, თუმცა დასძენს რომ საქართველოს კარგად გაწვრთნილი სამხედროებიც ყავს. |
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის შეხვედრა ბათუმში უკვე ერთ საათზე მეტია გრძელდება.
პრეზიდენტი სააკაშვილი 18 მარტს ბათუმში ჩოლოქის საგუშაგოს გავლით ჩავიდა.
სააკაშვილი აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრის დროს შეეცდება იმ დაძაბულობის შემსუბუქებას, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, როცა საქართველოს პრეზიდენტს ჩოლოქზე ასობით შეიარაღებული ადამინი დახვდა და აჭარაში არ შეუშვა. ინციდენტს შედეგად ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აჭარის ნაწილობრივი ბლოკადა მოყვა.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი გზაში აჭარის მოსახლეობას შეხვდა. აბაშიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ იგი ასევე გეგმავს ბათუმში ოპოზიციის აქტივისტებთან შეხვედრას.
პრეზიდენტს ჩოლოქის საგუშაგოზე ასლან აბაშიძის მხარდამჭერები „ბაბუ-ბაბუს“ ძახილით დახვდნენ.
თუმცა, ბათუმისკენ მიმავალ პრეზიდენტს გზაში ასობით თავისი მხარდამჭერი დახვდა, რომლებიც მას წითელი ვარდებით და „მიშა-მიშას“ ძახილით შეეგებნენ.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასლან აბაშიძეს 17 მარტს შეხვდა.
მან აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართულ შვიდსაათიან მოლაპარაკებებს “ძალიან რთული” უწოდა, მაგრამ სავარაუდოა, რომ სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის მოლაპარაკებები კიდევ უფრო რთული იქნება.
17 მარტს საღამოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა და ის პრიორიტეტული საკითხები გააცნო, რომლებზეც აბაშიძესთან შეხვედრის დროს იქნებოდა განხილული.
„ყველა ის პიროვნება, ვინც პოლიტიკური მიზეზის გამო იქნა დაპატიმრებული გათავისუფლებულ უნდა იქნას; ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება თავისუფალი საარჩევნო კამპანია აწარმოოს რეგიონში; ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იქნას აჭარაში“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს ჟურნალისტებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს ჩემს პირობებს და ოპოზიციას საშუალებას მისცემს თავისუფალი საარჩევნო კამპანია აწარმოოს, მე მზად ვარ მოვხსნა ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც სამი დღის წინ დავაწესე. ეს იქნება ჩემი კეთილი ნების გამოხატულება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იგი ასევე გეგმავს ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს.
„მე ვაპირებ ვიყო კონსტრუქციული, თუმც ამავე დროს ძალიან პრინციპული. მზად ვარ კომპრომისისთვის, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ამავე დროს დასძინა, რომ საქართველოს „კარგად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთები ჰყავს“.
„დღეს დილით [17 მარტს] კომანდოს ბატალიონის [რომელიც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ არის გაწვრთნილი] ვარჯიში ჩატარდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კარგად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთები გვყავს და საქართველოს მთლიანობის შესანარჩუნების მიზნით ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ზომების გასატარებლად,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ძალისხმევა მიმართულია აჭარაში დაძაბულობის შესამსუბუქებლად.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი [ირაკლი ჩუბინიშვილი] თურქეთში იმყოფება და თურქეთის ხელისუფლებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამავდროულად, ვანო მერაბიშვილი [უშიშროების საბჭოს მდივანი] მოსკოვში აწარმოებს მოლაპარაკებებს. პირადად პრეზიდენტ პუტინისგან მივიღეთ გარანტიები რუსეთის ჩაურევლობის თაობაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ ყურადღებით ადევნებს თვალყურს აჭარაში მიმდინარე მოვლენებს. „ჩვენ ორივე მხარესთან გვაქვს ურთიერთობა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 16 მარტს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ისაუბრა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ვიზიტზე ბათუმში, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ლუჟკოვი, რომელმაც თბილისი დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა, შუამავლის როლის შესრულებას გეგმავდა ბათუმსა და თბილისს შორის.
„მე არ მჭირდება შუამავლები საქართველოს რეგიონის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებისას, რომელიც ჩემს დაქვემდებარებაშია“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტს მას შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩავიდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
„ეს არავისი საქმე არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა აჭარის ხელმძღვანელობის იმ განცხადების კომენტირებისას, თითქოს პრეზიდენტი იმიტომ არ შეუშვეს აჭარაში, რომ მან წინასწარ არ აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას ვიზიტის თაობაზე.
პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, მოლაპარაკებების შემდეგ მთავარი საკითხები მაინც მოუგვარებელი დარჩება. მათი ვარაუდით, შესაძლოა 28 მარტს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს აჭარაში, მაგრამ უფრო გრძელვადიანი და „სტრატეგიული საკითხები“ მაინც გადასაწყვეტი დარჩება.
„ბათუმის რეჟიმი აბსოლუტურად შეუსაბამო და არათავსებადია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რაც ამ ეტაპზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ეს არის საქართველოს ახალ ხელისუფლებასა და აჭარის ლიდერს შორის კონფრონტაციის ქვაკუთხედი“, – განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხემძღვანელმა გია ნოდიამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გამოაქვეყნა აჭარის იმ ოფიციალურ წარმომადგენლთა სია, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნის გამო. სიაში ასლან აბაშიძის სახელი არ ფიგურირებს.
„აჭარის ლიდერს ჯერ კიდევ აქვს შანსი თავიდან აიცილოს პასუხისგება“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
თუმცა, ის პირები, რომლებიც ძებნილთა სიაში არიან, მათ შორის აჭარის უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და კიდევ ოთხი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, აბაშიძის ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენენ ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აჭარის ლიდერი მათ დაპატიმრებაზე დათანხმდეს.