ახალი ამბები

მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ფინანსური ამნისტიის საკითხი განიხილეს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მთავრობის სხვა წევრები დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კიდევ ერთხემ გამოხატეს მზადყოფნა ქვეყანაში ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის.


„თითოეულ ბიზნესმენს თამაშის თანაბარი წესები უნდა ჰქონდეს. თქვენ მხოლოდ გადასახადების პატიოსნად გადახდა გჭირდებათ“, – განუცხადა სააკაშვილმა ბიზნესმენებს.


„რა თქმა უნდა, წინ რთული პერიოდი გველის, მაგრამ ყველამ ერთად უნდა გავიჭირვოთ, იმისათვის რომ შემდეგ შევქმნათ ახალი სისტემა, ეფექტური საინვესტიციო გარემო“, – დასძინა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა ბიზნესმენებს კანონპროექტი წარუდგინეს, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც დათანხმდება დამალული გადასახადები გადაიხადოს.


კანონი მხოლოდ იმ საწარმოებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი 1 მილიონ ლარს აღემატება.


პირველად შესაძლოა მოხდეს დამალული გადასახადის მხოლოდ 10%-ის გადახდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად გადანაწილდეს, ასევე გადავადდეს დეკლარაციის წარდგენის ვადა.    


ბიზნესის წარმომადგენლებმა მოიწონეს მთავრობის ინიციატივა, თუმცა დასძინეს, რომ კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს.  

Back to top button