
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეისწავლის
ევროსაბჭოს საექსპერტო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებში – ევროპის კომისია დემოკრატიისთვის კანონის გზით, რომელიც ვენეციის კომისიის სახელითაა ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას გააკეთებს.
ევროსაბჭოს პრესის განყოფილების მიერ 10 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა დაგეგმილია ვენეციის კომისიის 58-ე პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვენეციაში მიმდინარე კვირის ბოლოსაა დაგეგმილი.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასევე დაესწრება სხდომას. იგი ვენეციაში 11 მარტს გაემგზავრება.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 6 თებერვალს დაამტკიცა, რის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება საგრძნობლად გაიზარდა.
კრიტიკოსთა განცხადებით, პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდა საკანონმდებლო ორგანოს ხარჯზე მოხდა, რომლის დათხოვნის უფლებაც პრეზიდენტს ენიჭება იმ შემთხევევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო სამჯერ ზედიზედ ვერ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს.