
საქართველო: თაფლობის თვის შემდეგ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციის განცხადება
თბილისი, 2004 წლის 27 თებერვალი
ვარდების რევოლუცია დამთავრდა. ამჟამად ქვეყანას ჰყავს ახალი მთავრობა. ახალმა ხელისუფლებამ ძალაუფლებაში მოსვლისას საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის შექმნისა და განმტკიცების პირობა დადო. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გამოცდას საქართველოს დემოკრატიისაკენ მოძრაობის გზაზე და მასზე დიდად იქნება დამოკიდებული ურთიერთობა და დიალოგი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის.
ამ მიმართებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მის მიერ წინა არჩევნების შემდგომ გაკეთებული და 2004 წლის იანვარში სტრასბურგის პლენარულ სესიაზე მიღებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები. ამასთან დაკავშირებით დელეგაცია გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ ახალმა ხელისუფლებამ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, თუ ამას საჭიროება მოითხოვს – არსებული პარლამენტის საგანგებო სესიაზე.
ცესკოს და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისათვის გამოყენებულმა ეგრეთწოდებულმა ბეიკერის ფორმულამ ამ კომისიებში მმართველი პარტიების წარმომადგენლების სიჭარბე გამოიწვია. ნოემბრის არჩევნებამდე ეს ფორმულა მწვავედ იყო გაკრიტიკებული მაშინდელი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მაშინ ასამბლეამ მხარი დაუჭირა ამ კრიტიკას და ასამბლეა მიიჩნევს, რომ ის რაც მაშინ იყო არადემოკრატიული, ასეთად რჩება ამჟამადაც. ასამბლეა კვლავაც იმეორებს თავის პოზიციას იმ მიმართებით, რომ ხელისუფლებამ უნდა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცესკოს და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების ობიექტურად დაკომპლექტებას.
პლურალისტური დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია მყარი ოპოზიციის გარეშე. არსებული 7%-იანი საარჩევნო ბარიერის და დანაწევრებული ოპოზიციის გათვალისწინებით არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მოახლოებული არჩევნების შედეგად მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს იქნებოდა სერიოზული უკან გადაგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ დელეგაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი იმსათვის, რომ ხელისუფლება გამოვიდეს არსებული 7% საარჩევნო ბარიერის 4% ან 5%-მდე დაწევის წინააღმდეგ. ეს არის საშუალო მაჩვენებელი ევროპული დემოკრატიის ქვეყნებში და დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაწიოს ეს ბარიერი.
თუმცა, დემოკრატიული ოპოზიციის დაკანონება შეუძლებელია. ამიტომ წინასაარჩევნო დელეგაცია მიესალმება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას გასწიონ მეტოქეობა ამ არჩევნებში და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და საშუალება მისცენ ამომრჩევლებს გააკეთონ ნამდვილი არჩევანი არჩევნების დღეს, საქართველოს საზოგადოების წინაშე მდგომი რეალური საკითხების გათვალისწინებით.
ხმის მიცემის პროცესი არასათანადოდ გართულებულია და ზოგჯერ არღვევს ხმის მიცემის საიდუმლოების პრინციპს. დელეგაცია მიესალმება ცესკოს მიერ განხორციელებულ მცდელობას საარჩევნო ოქმების გამარტივების თვალსაზრისით, მაგრამ წუხს, რომ სხვა ზომები, როგორიცაა კონვერტების გამოყენების გაუქმება და ხმის მიცემის დასრულებისას ბიულეტენებზე ბეჭდების დასმის აუცილებლობა, შემოღებული არ იქნა.
დელეგაცია კმაყოფილებით აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელიც შეინიშნება არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში. მისასალმებელია ამომრჩეველთა რეგისტრაციის კომპიუტერიზაციისათვის გაწეული ძალისხმევა, თუმცა არ უნდა გაუქმდეს არჩევნების დღეს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა, ეს გახლავთ შესამჩნევი პროგრესი წინა არჩევნებთან შედარებით. დელეგაცია აგრეთვე მიესალმება იმ გაწეული სამუშაოს, რაც უზრუნველყოფს უმცირესობების მონაწილეობას ამ არჩევნებში, განსაკუთრებით ბიულეტენებისა და სხვა საარჩევნო მასალების არსებობას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის.
საქართველოში პრესის თავისუფლება მუდმივი შექების საგანი იყო ასამბლეის მოხსენებებში, თუმცა სხვა მხრივ მოხსენებებს კრიტიკულობა არ აკლდა. დელეგაცია სინანულით აღნიშნავს, რომ არის მზარდი შეგრძნება მედიის მიერ თვითცენზურის გამოყენების. ასამბლეა მხარს უჭერს ახალ ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სჯერა, რომ იგი განხორციელდება კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოში, მათ შორის აზრის გამოხატვის და პრესის თავისუფლების გათვალისწინებით. დელეგაცია გამოთქვამს რწმენას, რომ ახალი ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა უზრუნველყოს იმგვარი პოლიტიკური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სიტყვის და პრესის თავისუფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიის განვითარება.
უდაოა, რომ დემოკრატია უნდა განვითარდეს მთელ საქართველოში. ამ მიმართებით დელეგაცია გმობს აჭარაში ამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს აჭარის ხელისუფლებას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, მათ შორის წინაასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დელეგაცია თანაბრად მოუწოდებს ყველა მხარეს არ დაუშვან ძალადობრივი კონფრონტაცია.
2004 წლის 28 მარტის არჩევნებზე დასაკვირვებლად საპარლამენტო ასამბლეა გამოაგზავნის 30 წევრიან დელეგაციას. ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სურვილს დაეხმაროს ხელისუფლებას საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებაში.
_______________________________________________________
წინასაარჩევნო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მათიას ეორში (უნგრეთი, ლდრ) და ევგენი კირილოვი (ბულგარეთი, სოც), აგრეთვე ჰენინგ გელეროდი, საპარლამენტო ასამბლეის საპატიო წევრი.