
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა
(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ან პრეზიდენტი აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, ან ხვალ დილამდე უნდა გადადგეს თანამდებობიდან”, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს თბილისი მერიის შენობის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას.
მიტინგზე ოპოზიციური პარტიების ათასობით მომხრე შეიკრიბა, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციის ლიდერებს და აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალური შედეგებს.
მოსახლეობამ შეკრება დღეს საღამოს 5 საათისთვის დაიწყო თბილისის ფილარმონიაში, მეორე ნაწილი კი საკრებულოს შენობასან იკრიბებოდა.
მოწოდებები ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან მათი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაისმა. ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ხელისუფლების მიერ არჩევნების მასობრივი გაყალბების თავიდან ასაცილებლად. “ახალი მემარჯვენეები” საპროტესტო აქციას არ შეუერთდნენ.
ოპოზიციის მომხრეთა ორი ნაკადი საკრებულოს შენობასთან 19 საათისთვის ერთიანდება, რის შემდეგაც 19.15 წუთზე იწყება ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლა შეკრებილი ხალხის წინაშე.
“დღეს გავხდით იმის მოწმე, რომ ხელისუფლება ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, ჯერ კიდევ არჩევნების დრეს როცა საარჩევნო უბანთან მისულები სიებში არ აღმოჩნდნენ, ახლა კი როცა მათ არჩევენი გააკეთეს და სულ სხვა შედეგს აჩვენებენ. ჩვენ ამას არ დაუშვებთ და ვითანამშრომლებთ მათი ხმების დაცვას. ჩვენ ვიცით რომ არჩვენებში ოპოზიციამ გაიმარჯვა” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერთა დილის შეხვედრაზე.
ქალაქის ცენტრში განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმები და შინაგანი ჯარები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა გარშემორტყმულია ძალოვანი სტრუქტურების რაზმებით.
სერიოზულ დაპირისპირებას საპეოტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ადგილი არ ჰქონია.