ახალი ამბები

ბურჯანაძე ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ და “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და გამოთქვა მზადყოფნა ქართველი ხალხის ხმების დაცვისთვის.

“ჩვენ მოვედით, რათა ჩვენი მოსახლეობის ხმები დავიცვათ. იმედი გვქონდა, რომ არჩევნები ქვეყანაში ხელისუფლებას და სიტუაციას შეცვლიდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ხელისუფლებამ მოსახლეობის 2/3-ს ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება წაართვა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოსახლეობის ხმებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ 4 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან შეხვედრამდე.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არ ისახავენ მიზნად ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. “ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხმების დაცვა გვსურს”, – დასძინა ბურჯანაძემ.

ბლოკის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მათ ხმების 15% მოიპოვეს, მაშინ როცა ცსკო-ს მონაცემები სრულიად განსხვავდება და 8,5% შეადგენს.

3 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მოუწოდა შეხვდნენ 4 ნოემბერს და განიხილონ ხელისუფლების მხრიდან გაყალბებისგან მათი ხმების დაცვის ერთობლივი ღონისძიებები.

Back to top button