
ახალი ამბები
ჰააგაში დაიწყო მოლაპარაკებები სამაჩაბლოს კონფლიქტის თაობაზე
(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ჰააგაში 14 ოქტომბერს სამაჩაბლოში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
მოლაპარაკებებში, რომელსაც ეუთო თავჯდომარეობს, მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაციები.
“მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას კონფლიქტის ზონაში და თავიდან აგვაცილებს ახალ კონფრონტაციას მხარეებს შორის”, – განაცხადა 15 ოქტომბერს რუსეთის განსაკუთრებულ საქმეთა ელჩმა მიხეილ მაიოროვმა, რომელიც რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
1992 წლიდან “სამხრეთ ოსეთში” კონფლიქტის ზონას რუსეთის, საქართველოს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბატალიონებისგან შემდგარი ერთობლივი სამშვიდობო ჯარები აკონტროლებენ.