
პარლამენტმა ცსკო-ს დაკომპლექტების წესი დაამტკიცა
ოპოზიცია ხელისუფლებას “ბეიკერის გეგმის” იგნორირებაში ადანაშაულებს “ეს დოკუმენტი ბეიკერის გეგმას ეწინააღმდეგება. შევარდნაძემ პირობა დადო, რომ შეასრულებდა ამ გეგმას, მაგრამ დაარღვია პირობა, რადგან მისმა მომხრე დეპუტატებმა აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს მხარი არ დაუჭირეს”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ფრაქციის ლიდერმა გიორგი ბარამიძემ კენჭისყრის შემდეგ. გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”საქართველოს პარლამენტმა 5 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების წესი დაამტკიცა, რომელიც პარლამენტში შეტანილი იყო ფრაქცია “21-ე საუკუნის” მიერ. მიღებული წესი არ შეესაბამება აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ცსკო-ს დაკომპლექტება პარიტეტულ საფუძველზე უნდა მომხდარიყო.
კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელსაც მხარი დაუჭირეს სახელისუფლებო ფრაქციებმა, ასევე “მრეწველებმა” და “აღორძინებამ”, ითვალისწინებს 15-კაციანი ცსკო-ს დაკომპლექტებას სახელისუფლებო ბლოკის 5 წევრით, “აღორძინების” ფრაქციის 3 წევრით და “მრეწველთა” 2 წარმომადგენლით. ლეიბორისტულ პარტიას, გაერთიანებულ დემოკრატებს, ნაციონალურ მოძრაობას და ახალ მემარჯვენეებს თითო წევრი ეყოლებათ კომისიაში. ეუთო წარადგენს ცსკო-ს თავჯდომარეს.
ოპოზიციური “ერთობა” და “ტრადიციონალისტები”, ასევე ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, კომისიის გარეთ დარჩნენ.
გაერთიანებულმა დემოკრატებმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, ახალმა მემარჯვენეებმა და ტრადიციონალისტებმა მიღებული დოკუმენტი გააპროტესტეს, რადგან მასში დარღვეულია ცსკო-ში ადგილების გადანაწილების პარიტეტული პრინციპი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, მიღებული დოკუმენტი საშუალებას აძლევს სახელისუფლებო ბლოკს მთლიანად გააკონტროლოს ახალი ცსკო, რადგან დანარჩენი ოპოზიცია “აღორძინებასა” და “მრეწველებს” სახელისუფლებო პარტიებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
სახელისუფლებო ფრაქციების განცხადებით, მიღებული წესი მთლიანად შეესაბამება აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო რეკომენდაციებს. “ბეიკერის გეგმა ითვალისწინებდა ცსკო-ს ხუთი წევრის დანიშვნას პრეზიდენტის მიერ, ცხრა წევრის – ოპოზიციის მიერ და კომისიის თავჯდომარეს – ეუთოს მიერ. ამგვარად, ფორმულა არ დარღვეულა”, – განაცხადა ფრაქცია “სოციალისტების” წევრმა ირაკლი მინდელმა.
დამკვირვებელთა თქმით, დაირღვა პარიტეტის პრინციპი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა “სივილ ჯორჯიას” 5 აგვისტოს განუცხადა, რომ “ცსკო-ს დაკომპლექტების წესი “ბეიკერის გეგმისგან” საკმაოდ შორსაა, რადგან მასში ირღვევა პარიტეტის პრინციპი”.
პარლამენტმა 5 აგვისტოს უარყო ოპოზიციის წინადადება, რომლის მიხედვითაც, იკრძალებოდა არსებული ცსკო-ს წევრების არჩევა ახალ კომისიაში. “ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვეყოლება ახალი ცსკო. არსებული კომისია აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და თუნდაც ერთი წევრი რომ ავირჩიოთ ძველი კომისიიდან, არავითარი შანსი არ გვექნება სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა”, – განაცხადა კუპრეიშვილმა.
დამკვირვებელთა განცხადებით, სახელისუფლებო ფრაქციების მიერ ლობირებული წინადადების მიღება მოსალოდნელი იყო. “აშშ-ის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ზღუდავს სახელისუფლებო ალიანსის შანსებს წარმატებას მიაღწიონ საპარლამენტო არჩევნებში. წაგების შემთხვევაში ისინი არა მარტო მაღალ თანამდებობებს დაკარგავენ მთავრობაში, არამედ თავიანთ კედილდღეობასაც გამოემშვიდობებიან”, – განუცხადა 5 აგვისტოს “სივილ ჯორჯიას”რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.
6 აგვისტოს პარლამენტი განაგრძობს საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებების განხილვას, რომლებიც გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებს. თუმცა, ცვლილებების ავტორმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ უარი თქვა თავისი წინადადების პარლამენტში წარდგენაზე. იგი პარლამენტის მიერ 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. “დარწმუნებული ვარ, არავითარი აზრი არა აქვს ამ პარლამენტს პროგრესული და დემოკრატიული წინადადებები წარვუდგინო”, – განაცხადა ხმალაძემ.