
პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით აღარ განიხილავს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში
(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დეპუტატ რევაზ არველაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ცილისწამებისა და შეურაცყოფის მუხლების გამკაცრებას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლების მიერ გამოხატული პროტესტის შემდეგ პარლამენტის თავჯდომარე და დეპუტატი რევაზ არველაძე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი აღარ განიხილავს დოკუმენტს მეორე და მესამე მოსმენით.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 6 ივლისს მიიღო.
იურისტი-ექსპერტის დავით უსუფაშვილის თქმით, არ არის საჭირო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ ახალი კანონპროექტის შემოღება, რადგანაც არსებობს მოქმედი კანონი როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო კოდექსებში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.