
შევარდნაძე საპენსიო დავალიანებების დაფარვის პირობას იძლევა
(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში უცილობლად მოხდება მიმდინარე პენსიების დაფარვა, რასაც ძველი დავალიანების გაცემაც მოჰყვება.
“მიმდინარეობს შესაბამისი პროექტის შემუშავება. შემოღებული იქნება ფასიანი ქაღალდები, რითაც შესაძლებელი გახდება ძველი საპენსიო დავალიანების დაფარვა. პენსიონერებს თავად მოუწევთ არჩევანის გაკეთება, თუ რა სახით სურთ პენსიების ქღება, ან ფასიანი ქაღალდებით ან მიწის გადასახადების დაქვითვით”, – განაცხადა 28 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, ერთადერთი, რის გამოც მოხდა საპენსიო თანხების დაგროვება, ქვეყანაში არსებული კორუფციაა, რის წინააღმდეგ ბრძოლაც უკვე დაწყებულია და შესაბამისი დავალებებია გაცემული როგორც უშიშროების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრიოებზე, რათა მოახდინონ ნავთობპროდუქტების და თამბაქოს პროდუქციის აღწერა და თანხების მობილიზება.